X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა

17 იანვარი 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა. სამინისტროს საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზანი დასახული ამოცანების სტრუქტურასთან და ბიუჯეტთან მორგება იყო. უწყებაში ფაქტობრივად დასაქმებულ 14 ადამიანს შეუწყდა ხელშეკრულება. თითოეულმა მათგანმა კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღო.
კომპენსაციები გაიცა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც, სადაც გაუქმდა ზედამხედველობის სამსახური და დასრულდა რეორგანიზაცია. ოპტიმიზაცია გრძელდება მუნიციპალური განვითარების ფონდში, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებში.

„ხარჯების შემცირების პროცესი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ახალი გეგმის ნაწილია. იმ თანამშრომლებზე, ვისთან დამშვიდობებაც მოგვიწია, შესაბამისი კომპენსაციები გავეცით. რაც შეეხება სამინისტროს ახალ გუნდს, რომელიც დღეს უძღვება უწყებას, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში შევასრულოთ ყველა დაპირება და ხარისხიანად განვახორციელოთ ყველა პროექტი. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.